რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას უწყვეტად გააგრძელებს – რუსული მედია

REUTERS/Vasily Fedosenko

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოსკოვი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას უწყვეტად გააგრძელებს.

ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. 

"პუტინმა და ვუჩიჩმა დაადასტურეს როგორც რუსეთის, ასევე სერბეთის სურვილი, გააძლიერონ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამ ქვეყნების ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მჭიდრო კავშირს ეფუძნება". - წერს საინფორმაციო სააგენტო. 

სერბეთი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი არ არის. გარდა ამისა, ქვეყანა რუსულ გაზზე თითქმის სრულად დამოკიდებულია. 

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ გაეროს ორ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომლებიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სერბეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპული ქვეყნები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად ალტერნატივებს ეძებენ. 

რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირმა $221 მილიარდის ღირებულების გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნებს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმარება. 

მარტში პუტინმა ხელშეკრულების პირობები შეცვალა და  "არამეგობრული" ქვეყნებისგან ენერგორესურსების საფასურის რუბლში გადახდა მოითხოვა. ევროკავშირის ლიდერებმა მოსკოვის ამ ნაბიჯს "შანტაჟი" უწოდეს.

ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის გამო, რუსეთმა ფინეთს, ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

კომენტარები