იორდანია-საქართველო

მთავრობა: ღარიბაშვილი იორდანიაში ჩავა და მიწის გადმოცემის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს მთავრობა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იორდანიას ეწვევა და საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიას დაესწრება. 

"საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. 

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან". - წერია განცხადებაში.  

19 იანვარს ღარიბაშვილმა თქვა, რომ იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადაეცა, რომელზეც, პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. 

კომენტარები