იორდანია-საქართველო

მთავრობა: პრემიერი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენით დაჯილდოვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილოს III-მ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.

"წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს". - ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა. 

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილმა პატრიარქ თეოფილოს III-ს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. 

"ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ძლიერ ისტორიულ კავშირებს და პატრიარქ თეოფილოს III-ის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები