რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული ჯარი წინ მოიწევს, შესაძლოა, ლუგანსკის რეგიონში უკან დახევა მოგვიწიოს – გაიდაი

ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინელ სამხედროებს რუსული ჯარების წინსვლის პარალელურად, შესაძლოა, უკან დახევა მოუწიოთ.

გაიდაის ცნობით, ოკუპანტები დონბასის უდიდეს ქალაქ სევეროდონეცკში შევიდნენ, თუმცა, რუსი სამხედროები ლუგანსკის რეგიონის დაკავებას ვერ შეძლებენ. გაიდაი ასევე აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად შენობების 90% დაზიანდა.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რომ თავი დავიცვათ. მაგრამ, იმისთვის, რომ ალყაში არ მოვექცეთ, შესაძლოა, უკან დახევა მოგვიწიოს". - წერს გაიდაი Telegram-ზე.

ანალიტიკოსთა აზრით, ჯარების უკან დახევამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა თავის მიზანთან - აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად აღებასთან დაახლოოს.

ასევე, რუსეთის მარიონეტული ძალების ცნობით, ისინი ლიმანს აკონტროლებენ - სარკინიგზო კვანძს სევეროდონეცკის დასავლეთით. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა ლიმანის უდიდესი ნაწილი დაიკავა, მაგრამ უკრაინული ძალები სლოვიანსკში ოკუპანტების წინსვლას ბლოკავენ. 

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, 27 მაისს დონეცკსა და ლუგანსკში 8 თავდასხვა მოიგერიეს, რის შედეგადაც გაანადგურეს ოკუპანტების ტანკები და ჯავშანტექნიკა. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა თავის მიწას იცავს იმდენად, რამდენადაც დღევანდელი თავდაცვის რესურსები მათ ამის საშუალებას აძლევს. 

"თუ ოკუპანტები ფიქრობენ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები