რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, დონბასის ჩრდილოეთით, ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომელიც ჩრდილოეთ დონეცის მდინარეზე მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებს უკავშირდება.

"ბრძოლის ამ ეტაპზე ოკუპანტები პრიორიტეტს ჩრდილოეთ დონეცის მდინარის გადაკვეთას ანიჭებენ. რუსეთის სამხედრო ძალების ძირითადი მიმართულება აღმოსავლეთ უკრაინის, სევეროდონეცკის გარშემო რჩება. ამასთან ერთად, ლიმანთან ახლოს მდინარის გადაკვეთა რუსეთს დონბასზე შეტევების წარმოების საშუალებას მისცემს. ოკუპანტები, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ კონტროლირებად საკვანძო ქალაქებში დონეცკის ოლქში, სლოვიანსკსა და კრამატორსკში წინსვლას შეეცდებიან.

2022 წლის 26 მაისს უკრაინის სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშილინმა რუსეთის მიერ კონტროლირებად მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს დაიკავებს, რეფერენდუმი ჩატარდება. თუ რუსეთმა  ამ ტერიტორიების აღება შეძლო, დიდი ალბათობით, ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევა და რუსეთის მოსახლეობის წინაშე უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი მიზეზი იქნება. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიის დაცვას განაგრძობენ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები