რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს, დონბასი კვლავ უკრაინული იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რუსული ძალების ნელი წინსვლის პარალელურად, პირობა დადო, რომ დონბასი კვლავ უკრაინული იქნება.

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა დონბასში არსებულ ვითარებას ძალიან რთული უწოდა.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგობა გავზარდოთ და დონბასი კვლავ უკრაინული იქნება. იმ ტანჯვისა და ნგრევის მიუხედავად, რასაც რუსეთი დონბასს მოუტანს, ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს, ყველა თემს - სხვა რეალური ალტერნატივა არ არსებობს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ 27 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი დონბასში თანდათან წინ მიიწევს. 

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის დონბასის რეგიონში ნელ, თუმცა საგრძნობ პროგრესს აღწევს.

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, სამხედრო იარაღითა და მძიმე ტექნიკით დახმარებისკენ მოუწოდებს.

უკრაინის თხოვნის საპასუხოდ, ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები