რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთმა ორი რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

Reuters

ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული ორი ავიაკომპანიის, Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ინფორმაციას РБК ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას, მათ შორის რუსულს, სთხოვა, განეახლებინათ ელექტრონული დოსიეები (ინფორმაცია თვითმფრინავების, ავიახაზების მფლობელების, კონტრაქტების შესახებ).

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედმა რუსულმა ავიაკომპანიებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოითხოვა დადასტურება, რომ თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრაციიდან. რუსულმა ავიაკომპანიებმა ასეთი დოკუმენტები ვერ წარადგინეს, შესაბამისად, ჩინეთმა მათთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ რიგი სანქციები დააწესეს. ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა, ამასთან შეაჩერა თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. 

სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის დაუშვა, რომ რუსეთში იჯარით მყოფი უცხოური თვითმფრინავების ნაციონალიზაცია მომხდარიყო. შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ საერთაშორისო რეგისტრაციაც.

კომენტარები