ბიძინა ივანიშვილი

სპიკერი: Credit Suisse აგრძელებს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას, ვალდებულებებს ისევ აიგნორებს 

ქართული ოცნება

ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანია CS Victims-ი ივანიშვილისა და Credit Suisse-ის შორის დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. წარმომადგენლის ცნობით, შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნული რწმუნებული კვლავ აგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას და ივანიშვილის ტრანზაქციები კვლავ შეფერხებულია.

"უკვე 45 დღე გავიდა, რაც ინსტრუქციები მიიღეს, რწმუნებული აგრძელებს ბენეფიციარების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას და ეს კონტექსტი მნიშვნელოვანია, რათა საკითხი სათანადოდ შეფასდეს. ბატონმა ივანიშვილმა ორი "დასამახსოვრებელი საჩუქარი" მიიღო Credit Suisse-თან მრავალწლიანი ურთიერთობიდან: პირველი – ბანკის პერსონალის მიერ თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის გამო დაკარგული 1 მილიარდ დოლარზე მეტი და მეორე – ბანკის რჩევით შექმნილ რწმუნებულთან არსებული პრობლემები, რომელსაც დიდი ოდენობით თანხები გადაეცა, გაცემაზე წვდომა ნებისმიერი ფორმით ძალიან შეზღუდულია". – თქვა ივანიშვილის სპიკერმა.

წარმომადგენელი კომპანია განცხადებაში Credit Suisse-ის მიერ პროცედურულ დარღვევებსა და კლიენტების მოთხოვნების უგულებელყოფაზე საუბრობს. ამასთან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებს და მინიშნებებს უკრაინის ომზე.

"პროცედურა არღვევს საბანკო საქმიანობის ყველა დადგენილ სტანდარტს და პოლიტიკაში გადასვლა შემაშფოთებელი ესკალაციაა. უპრეცედენტოა უკრაინის ომზე მინიშნება, ხოლო პოლიტიკური ზეწოლას არავითარი გამართლება არ აქვს". – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ის გააგრძელებს საზოგადოებასთან Credit Suisse-ის წარუმატებლობების გამოაშკარავებას, რადგან ის ამას "მორალურ ვალდებულად" მიიჩნევს.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ვიქტორ ყიფიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეფასება სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია სასამართლო დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თავად საუბრობდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ივანიშვილის მიმართ დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ზეწოლაზე.

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები