რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 5 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 მაისს რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 5 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ გაავრცელა.

"რუსული არმია უკრაინელი ბავშვების დახოცვასა და ოჯახების განადგურებას განაგრძობს. მტერმა იერიში ხარკოვზე მიიტანა. როდესაც დაბომბვა დაიწყო, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 5 თვის შვილი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. მამას ბავშვი ხელში ეჭირა. რუსების შეტევის შემდეგ, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი 5 თვის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ის აფეთქების ტალღამ მამის ხელებიდან სადარბაზოს სახურავზე ააგდო". - წერს იგორ კლიმენკო.

ხარკოვის დაბომბვას სულ 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები