საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მაკრონი: მნიშვნელოვანია, საქართველომ სანქციების ევროპულ პოლიტიკას მხარი დაუჭიროს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის. მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. წერილი საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა.

"ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა გულწრფელად გისურვოთ. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს შეიგრძნობს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ ზიანს აყენებს, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა ერთიანობა შეინარჩუნოს. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაეროში საქართველოს მიერ რეზოლუციების სასარგებლოდ თანმიმდევრულად მიცემული ხმები, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო". - წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს. აგრეთვე, მაკრონმა ჩვენი ქვეყნის მიერ რეფორმების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს. ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში - შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა "ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური". - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

კომენტარები