რუსული ოკუპაცია

კალაშნიკოვი: შესაძლოა, რუსეთსა და აფხაზეთის საზღვარს შორის გამშვები პუნქტი გაუქმდეს

ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, კომუნისტური პარტიის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე საგუშაგო ფსოუში შეიძლება გაუქმდეს. 

"საუბარი იყო ფსოუს გამშვებ პუნქტზე, რომელიც აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე მდებარეობს, იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემა, რომელიც ყოველ წელს იქმნება, არაფრით არ იჭრება. შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, თუმცა, ამას გარდა, წამოვჭერით უფრო სერიოზული საკითხიც, ამ გადასასვლელის გაუქმებასთან დაკავშირებით, როგორც ბელარუსის შემთხვევაში გაკეთდა". - ამბობს კალაშნიკოვი. 

სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერმა, ფრაქცია ერთიანი რუსეთის დეპუტატმა ანა კუზნეცოვამ, თავის მხრივ, დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კომფორტული და მოსახერხებელი გადასასვლელისთვის. 

"გვესმის, რომ დღეს სანქციებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში, ზოგიერთი მიმართულება ჩვენი შვილიანი ოჯახებისთვის მიუწვდომელი იყოს. ამიტომაც, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა ეს მიმართულება, სადაც გველიან, მაქსიმალურად მისაწვდომი და ორგანიზებული იყოს. საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ჩვენი შვილიანი ოჯახებისთვის საზღვრის გადაკვეთა, ამ ტერიტორიაზე ყოფნა კომფორტული იყოს. და ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები დღეს აქ, სახელმწიფო დუმაში მოვიდნენ იგივე თხოვნით, ორმხრივი ძალისხმევით რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გავლა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდეს". - თქვა კუზნეცოვამ.

კომენტარები