რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინის საელჩო: ომში 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა – ქედს ვიხრით მათ წინაშე, გმირები არიან

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრიი კასიანოვის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრძოლაში სულ 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა. კასიანოვმა დაღუპულ ქართველებს გმირები უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ისინი ყოველთვის ემახსოვრება.

"იმ გმირებს შორის, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის დაცვის დროს, დღეის მონაცემებით, 11 ქართველი მოხალისეა. ჩვენთვის ისინი გმირები არიან, მათი საქციელი არის მაგალითი ქართველი ხალხის სიმამაცის, გაუტეხლობის და გმირობის, რომელიც უკრაინის ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკვე შევიდა ისტორიაში. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით მათ წინაშე და ყოველთვის გვემახსოვრება ისინი". – თქვა კასიანოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები