ევროკავშირი-საქართველო

გახარია EU-ზე: პასუხამდე 4 კვირა დარჩა, ერთიანობა თუ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ მაინც

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მომავალი ოთხი კვირა გადამწყვეტი იქნება და ამიტომ ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეკლესიას ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შანსი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და "ამის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება"

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროინტეგრაცია ვერ იქნება მარტივი გზა და შედეგი ვერ დადგება 1 დღეში. კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება მხოლოდ დასაწყისი, გასავლელი გზა კი იქნება რთული და კომპლექსური, თუმცა ეს არის ჩვენი შვილების არჩევანი. ხოლო კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება წარსულში დაბრუნება! სტატუსის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმები გვექნება გასატარებელი - კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, საქართველო თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა - კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბევრი მიმართულებით: საარჩევნო სისტემის დახვეწის, კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად. ეს რეფორმები არ კეთდება ევროკავშირისთვის, არამედ - საქართველოს მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის".- ამბობს გახარია.

მისივე თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის ვერ გადააბრალებს. მისი თქმით, დღეს საჭიროა ერთიანობა საერთო მიზნის მისაღწევად.

"ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის და პასუხი მოეთხოვება ყველას - პირველ რიგში, რა თქმა უნდა - ხელისუფლებას. დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა! უნდა დავდგეთ ერთად! საერთო მიზნის მისაღწევად! ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია და რაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს... თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა. გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების. კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერავინ, ირაკლი კობახიძე კი არა, მამა ზეციერი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას".- აღნიშნავს გიორგი გახარია. 

კომენტარები