რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპანტებმა დონბასში თავდასხმითი ოპერაციების ინტენსივობა გაზარდეს

RIA

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და რუბიჟნეს ალყაში მოქცევას ცდილობენ, ამის გამო, დონბასში თავდასხმითი ოპერაციების ინტენსივობა გაზარდეს. ამჟამად ამ ოპერაციის ჩრდილოეთ და სამხრეთ ღერძი დაახლოებით 25 კმ-იანი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიითაა გამოყოფილი.

"უკრაინის სამხედრო ძალები ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევენ და თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს. თუმცა საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო, რუსეთის ქვედანაყოფებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს.

რუსეთის ქვედანაყოფების მხრიდან სევეროდონეცკის დაკავება ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამჟამად რუსეთის მთავარი მიზანია, ოპერაცია დონბასის დაკავების მცდელობის მხოლოდ ერთი ნაწილია. თუ დონბასის ფრონტის ხაზი უფრო დასავლეთით გადაიწევს, რუსეთის საკომუნიკაციო ხაზები გაფართოვდება, თუმცა ოკუპანტებს ლოჯისტიკური სირთულეები შეექმნებათ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები