რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბაიდენმა უკრაინისთვის $40 მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი სამხრეთ კორეაში მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში ყოფნისას უკრაინისთვის დამატებითი $40 მილიარდი დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი. წარმომადგენელთა ორივე პალატის მიერ დამტკიცებული დახმარების აქტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ბაიდენმა თავის გუნდს დახმარების პაკეტის სეულში ჩატანა თხოვა, რათა მისი ამოქმედება დაუყოვნებლივ მოხდეს. ჯო ბაიდენი სეულში აზიური სახელმწიფოების ტურის ფარგლებში იმყოფება.

სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებზე საგანგებო ხელმოწერას აშშ-ში დიდი ტრადიცია აქვს. მაგალითად, 2005 წელს ჯორჯ ბუშმა შვებულება შეწყვიტა და ტექსასიდან ვაშინგტონში იმისთვის ჩავიდა, რომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალის სიცოცხლე გადაერჩინა. 

9 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები