ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჩერგოლეიშვილი: KHIDI-ში ქართველების გენოციდის მუზეუმი იხსნება – მტერი და მოყვარე უნდა გავარჩიოთ

თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ არ ვიცით, მტერმა რა დაგვიშავა, ადეკვატური რეაქციაც ვერ გვექნება". - ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქართველების გენოციდის ინტერაქციულ მუზეუმზე, რომელიც კლუბ KHIDI-ს ტერიტორიაზე 24 მაისს, 21:00 საათზე გაიხსნება. 

"კლუბ ხიდში 24 მაისს, საღამოს 21:00 საათზე გაიხსნება ქართველების გენოციდის ინტერაქციული მუზეუმი, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში. მაშინ არც ქართული სახელმწიფო იყო იმ ფორმაში და არც საერთაშორისო კონიუნქტურა იყო იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთის მიერ გენოციდის ჩადენის ფაქტი ეღიარებინა. თუმცა, დღეს ვხედავთ, როგორ შეიცვალა ვითარება და ჩვენ ვალი გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე - ეს ყველაფერი 200 000 ადამიანს შეეხება. დღეს არის შანსი, რომ მათი წარსული სათანადოდ შეფასდეს, რასაკვირველია, არა რუსეთის ვასალი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ რაც მალე დავიწყებთ კამპანიას, მით მეტად ვიქნებით მზად, როცა დრო მოვა.  

ჩემთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ წარსული კარგად გავიაზროთ - ყველა საზოგადოებაში საკუთარი წარსული საუბრობს და მე ძალიან შემრცხვა, როდესაც ამ ფაქტებში უფრო ღმად ჩავიხედე. მეც კი, რომელსაც ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს ქართულ პოლიტიკაზე, ჩემთვისაც შემზარავი ფაქტები აღმოვაჩინე. როგორც ჩემმა შვილმა ნახა საფრანგეთში ჰოლოკოსტის საშინელებები, ფაშიზმის, ნაციზმის საშინელებები და ზუსტად ვიცი, რომ მას იმუნიტეტი აქვს მსგავსზე გამომუშავებული, ასე მინდა, რომ ქართველმა ბავშვებმაც ეს შეძლონ და ოკუპაციის მუზეუმში დაიდოს ქართველების გენოციდის მუდმივმოქმედმა ინტერაქტიულმა ექსპოზიციამ ბინა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ადამიანებმა შეძლონ, გაარჩიონ სწორი და არასწორი, კეთილი და ბოროტი, მტერი და მოყვარე. თუ არ ვიცით, მტერმა რა დაგვიშავა და არ ვგრძნობთ ამას, ბუნებრივია, ადეკვატური რეაქციაც ვერ გვექნება". - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.  

თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ევროპული საქართველო და აფხაზთა კრება რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებს.

კამპანია გაიხსნება 24 მაისს, 21:00 საათზე ქართველების გენოციდის ინტერაქტიული ექსპოზიციით - ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელსაც KHIDI უმასპინძლებს. ექსპოზიციის ვიზიტორები ინდივიდუალურად, პოლიტიკური გაზვიადებისა და ინტერპრეტაციების გარეშე განიცდიან რუსეთის მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეს, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რაც ასიათასობით დევნილმა გამოიარა.

ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ყველა საზოგადოებაში ამ საზოგადოების წარსული საუბრობს. იმისათვის, რომ აწმყოსა და მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, წარსული უნდა გავიაზროთ და გვახსოვდეს.

რუსეთის მიერ ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და არაერთი სხვა მსოფლიო ლიდერის მიერ. ესტონეთმა, ლატვიამ და კანადამ უკრაინელების გენოციდი ოფიციალურად აღიარეს.

“ტყვეობის პირველივე დღიდან დაიწყო ახალგაზრდა ქალების და ბავშვების (მოზარდი გოგონების) ნამუსის ახდა, რასაც, რა თქმა უნდა, ახლდა დიდი წინააღმდეგობა და წივილ-კივილი, მათი მხრიდან კონდახებით ცემა-ტყეპა...."

“დღეს სოფელში 130 მოკლეს, ზოგი ქუჩაში და ზედ ტანკი გადაატარეს, ზოგი საკუთარ სახლში, ზოგი ტყვიით, ზოგი საკუთარ სახლთან ერთად დაწვეს, სახლში ჩაწვეს ავადმყოფი, ლოგინში მწოლიარე დედა და მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც მოხუცი დედა არ მიატოვა. ხალხის თვალწინ დახვრიტეს რამდენიმე მამაკაცი. ყუმბარის ნამსხვრევით დაიღუპა ბებია და მისი ხუთი წლის შვილიშვილი, ბავშვის ცხედარი საქათმეში შეასვენეს, ღორებს რომ არ შეეჭამათ“...

“ბავშვებს ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს, სარებზე დასვეს, ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს. სტადიონზე გაუპატიურებული ქალები ცოცხლად დაწვეს. ბავშვი გაატყავეს, ხორცზე წააწერეს”...

ასეთი შემზარავი ისტორიები მრავლად იხილა და მოისმინა ქართულმა აუდიტორიამ და მსოფლიომ უკრაინელებისგან, მაგრამ ეს კონკრეტული ისტორიები არ არის უკრაინული - ქართულია.

ბევრს ავიწყდება, ბევრმა არც კი იცის, რომ ბუჩამდე და მარიუპოლამდე გაგრა და ოჩამჩირე იყო - გატყავებულ ახალდაბელ ბავშვს, რომელზეც თვითმხილველი რუსი ჟურნალისტი ყვება, ხორცზე ეწერა, რომ “ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე“.

მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა საბჭოთა კავშირზე გამარჯვებას, “ისტორიის დასასრულს“ ზეიმობდა და ბოროტების იმპერიის კუდის მოქნევაზე ადეკვატური პასუხის გასაცემად მზად არ იყო.

მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საზარელი მასშტაბი არც ჩვენს საზოგადოებას აქვს გაცნობიერებული.

თუკი ევროპელი ბავშვი სკოლიდან ერთხელ მაინც ხვდება ჰოლოკოსტის მუზეუმში და ნაციზმის ბოროტებას ღრმა ბავშვობიდან იაზრებს, ქართველ ბავშვებს ბოროტების იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საკმარისად არ ვესაუბრებით, ამით - მტერს სტრატეგიულ ბუნდოვანებას ვუქმნით, სადაც შეუძლია მისი როლი უარყოს.

იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ მტერზე გაიმარჯვოს, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, ვინ არის მტერი, რა დაგვიშავა და რას გვიშავებს, რატომ და როგორ ვებრძვით მას. იმიტომ, რომ დემოკრატიის წარმატება ინფორმირებულ მოქალაქეებზე დგას, რომელთაც იოლად ვერ მოატყუებ.

ჩვენ მყარად გვჯერა, რომ რუსეთის მიერ ქართველების გენოციდის შესახებ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში უნდა იყოს და საშუალო სკოლის პროგრამის ნაწილი გახდეს მისი მონახულება, მაგრამ ამას მხოლოდ რუსეთის ვასალი რეჟიმის დამარცხების შემდეგ შევძლებთ. მანამდე, გთხოვთ, გვეწვიოთ კლუბში KHIDI (მესამე სართული - საგამოფენო სივრცე, ვახუშტის ხიდი, მარჯვენა სანაპირო) სამდღიან ექსპოზიციაზე, რომელიც 24 მაისს 21:00 საათზე გაიხსნება და 26 მაისს 18:00 საათზე დაიხურება.

ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ: 24 მაისს - 21:00 საათიდან. 25 მაისს 12:00 - 22:00, 26 მაისს 12:00-18:00 საათებში.

კომენტარები