ევროკავშირი-საქართველო

CEPS: საქართველოსთვის EU-ს კანდიდატობა ნაადრევია, მთავარი პრობლემა ივანიშვილია

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: pirveliradio.ge

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS-მა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით კრიტიკული ანალიზი გამოაქვეყნა

ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი კვლევითი ანგარიშები უკრაინისა და მოლდოვისთვის უკვე გამოქვეყნდა. მათი აზრით, კანდიდატის სტატუსს ორივე ქვეყანა იმსახურებს. ბლოგის ავტორები, მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმანსი თვლიან, რომ საქართველოს შემთხვევაში - კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი არც ისე ცალსახა და უფრო მეტად პარადოქსულია. 

"საქართველო პარადოქსია. ერთი მხრივ, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულება შთამბეჭდავი გამოდგა. ამ მხრივ, მან არამხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოსაც კი აჯობა. საქართველომ კორუფციის პრობლემა დიდწილად აღმოფხვრა, უკეთესი შედეგით, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ. 

მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და კანონის უზენაესობას წლებია ეწინააღმდეგება. პრობლემების სათავეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონცენტრირებული ძალაუფლებაა, იგი არც ანგარიშვალდებული და არც არჩეულია, რაც სახელმწიფოს მიტაცების განსხეულებაა.

ჯერ კიდევ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე ამაზრზენ შემთხვევაზეა პასუხისმგებელი, როცა მოსახლეობის მნიშნელოვან ნაწილს საბანკო დავალიანება დაუფარა. ასევე, 2020 წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება, ამის საფუძველზე კი, ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადება მოჰყვა.

ეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი 2021 წლის მაისში, თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტმა შეამსუბუქა, რომელიც თანამშრომლობის შეთანხმებაზე მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. თუმცა, მოგვიანებით, ევროკავშირი გაოგნებული და შეძრწუნებული დარჩა, როდესაც 2021 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების საკვანძო პუნქტების შესრულებაზე უარი განაცხადა.

პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი მაღალი ინსტანციის სასამართლოს ისეთ გადაწყვეტილებებში ჩარევაა, რომლებიც პოლიტიკოსებსა და მედიის წამყვან ფიგურებს ეხებათ. საქართველოში „პოლიტიზებული მართლმსაჯულების“ რამდენიმე განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ღიად გააკრიტიკა.

უკანასკნელად ეს 16 მაისს, ნიკა გვარამიას დაკავებისას მოხდა. როდესაც სასამართლომ მთავარი არხის დირექტორს 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იმ არხის, რომელიც ხშირად, მთავრობის მიმართ კრიტიკულია. განაჩენი საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გამოიტანეს, და ევროკომისიის მიერ მოსაზრების წარდგენამდე დაახლობით სამი კვირით ადრე.

ველოდით, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის ისტორიულ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყოლოდა ნიშნები იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური და სასამართლო სისტემის მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება მტკიცედ აქვს განზრახული. ამის ნაცვლად, საქართველოში ერთადერთი თვალშისაცემი ამბავი გვარამიას საქმეა, რომელიც გარდა პროვოკაციული აქტისა, მიუთითებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე - გახდეს პრობლემური წევრი სახელმწიფო. რა იქნებოდა ამ ეტაპზე უფრო დამაზიანებელი ნაბიჯი, ძნელად წარმოსადგენია

რა იქნებოდა ამ ეტაპზე უფრო დამაზიანებელი ნაბიჯი, ძნელად წარმოსადგენია.

გარე დამკვირვებლისთვის მთავრობისა და ბატონი ივანიშვილის ზრახვები რთულად მისახვედრია. განაცხადი წევრობაზე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რათა დააკმაყოფილოს საზოგადოების იმ დიდი ნაწილი მოთხოვნა, რომელიც არჩევანს ევროპულ მომავალზე აკეთებს. ამავდროულად, პოლიტიკურ ლიდერებს, როგორც ჩანს, გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულების ინტერესი არ აქვთ და ცდილობენ, მისი წარუმატებლობა დააჩქარონ.

ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველო ევროპული ოჯახის პერსპექტიულ წევრად, თუმცა ამ ეტაპზე გაწევრიანების პროცესის დაწყების შეთავაზება ნაჩქარევია. უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელსაც ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურა და დამოუკიდებელი, ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა ექნება". - ვკითხულობთ CEPS-ის კვლევით ანგარიშში.

კომენტარები