რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: ქვეყნების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს თავს არიდებს – მათ შორის, საქართველო

ატლანტიკური საბჭოს დისკუსიაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა ე.წ. მეორეული სანქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნების ნაწილი, მათ შორის საქართველო, შემოსავლის ზრდისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თავს არიდებს.  

"უსამართლოა, როცა ქვეყნები სანქციების გვერდის ავლით საკუთარ შემოსავალს ზრდიან. ისინი ძირითადად აზიური ქვეყნები არიან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შავ სიაში ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოც მოიაზრება". - აღნიშნა ერმაკმა. 

ჟურნალისტმა ერმაკს ე.წ. მეორეულ სანქციების შესახებ ჰკითხა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, სანქციათა სიმძიმის მიუხედავად, ყოველთვის არსებობს სანქციებიდან თავის დასაღწევად "ხვრელი", იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირები რუსეთს დაეხმარებიან. 

ერმაკი ასევე შეეხო იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსული კომპანიების წილებს ფლობენ. პოლიტიკოსის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ეს ბიზნესმენები რუსეთს მფარველობდნენ. მისი თქმით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკრაინა პარტნიორ სახელმწიფოებთან მეორეული სანქციების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

"ვიცით, რომ ქართველ ბიზნესმენთა ნაწილი ფლობს მნიშვნელოვან წილს რუსულ კომპანიებში, მაგალითად გაზპრომში. ვფიქრობ, არსებობს დიდი რისკი, რომ ისინი რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში ჩართული იყვნენ".- თქვა ერმაკმა. 

კომენტარები