იძულებითი შრომა

15 წლის ბიჭს, სამსახურიდან გაგდების მუქარით, დამსაქმებელი პირად ფერმაში იძულებით ამუშავებდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა. მის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატურად სთხოვდა, სასაკლაოსთან მდებარე მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც მსხვილფეხა საქონლის მოვლას გულისხმობდა. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.

"მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან". - ვკითხულობთ განცხადებაში.

დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის ჯარიმა დააკისრა 10 000 ლარის ოდენობით.

კომენტარები