რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 18 მაისის ანგარიში

RIA

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის განადგურებისა და მარიუპოლის საკურორტო ქალაქად გადაქცევის გეგმა შეიმუშავა, რაც რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ჩამოაშორებს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ ომამდე აზოვსტალი მისი უნიკალური მნიშვნელობის გამო, მარიუპოლის ეკონომიკის მთავარი ელემენტი იყო. ქარხანაში 10000-მდე სამუშაო ადგილი, მილიარდობით დოლარის სავალუტო შემოსავალი, 7000 ტონა ფოლადი, 6 მილიონი ტონა რკინა და 4,5 მილიონი ტონა ნაგლინი ლითონი იყო. პუშილინმა თქვა, რომ DNR მარიუპოლის ხელახლა აშენებას გეგმავს, რათა ის "საკურორტო ქალაქი“ გახდეს. მისი მტკიცებით, მარიუპოლის 60% განადგურდა იქამდე, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია. მარიუპოლის მთავარი ეკონომიკური აქტივობის ცენტრის სრული განადგურების შემდეგ მარიუპოლის ტურიზმისა და დასვენების ცენტრად გადაქცევის გამოცხადებული გეგმა მიუთითებს იმ ზარალზე, რომელიც რუსეთის ჯარებმა მარიუპოლის აღების მცდელობების დროს საკუთარ თავს მიაყენეს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთს არ სჭირდება კიდევ ერთი საკურორტო ქალაქი შავ ზღვაზე. მას სჭირდება ის მყარი ვალუტა, რომელიც აზოვსტალმა შექმნა. 

რუსეთის სამხედრო ბლოგერები ანალიზების გამოქვეყნებას განაგრძობდნენ. ისინი რუსეთის ძალისხმევას სკეპტიკურად უყურებენ. ერთ-ერთი ასეთი ბლოგერი, იგორ სტრელკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეტევა დონბასის ასაღებად საბოლოოდ ჩაიშალა. მისი თქმით, "არცერთი დიდი დასახლება" არ არის გათავისუფლებული. სტრელკოვმა აღნიშნა, რომ რუბიჟნეს აღება შედარებით უმნიშვნელოა, რადგან ეს დონბასში ახალი შეტევის დაწყებამდე მოხდა. მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაფხულისთვის დონბასის გაათავისუფლება შეძლონ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 264 სამხედრო პირის გამოყვანა შეძლეს. მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში (DNR და LNR) 16-17 მაისს იძულებითი მობილიზაციის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატმა (GUR) იტყობინება, რომ ძალით მობილიზებული LNR-ის სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები მოითხოვდნენ მათი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ დაბრუნებას. რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. GUR-მა აღნიშნა, რომ ომის შესახებ აღქმა და მობილიზაციის უკმაყოფილება LNR-ში გაუარესდა იმის გამო, რომ რუსეთის ძალებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება დაჭრილი და დაღუპული სამხედრო პირების ოჯახებისთვის ფულად კომპენსაციას თავს არიდებს. მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ ადრე განაცხადა, რომ დონეცკში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 16 მაისს გაიმართა.

  • რუსეთის სამხედრო ძალები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს განაგრძობენ. ბოლო რამდენიმე დღის ევაკუაციის მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი კვლავ ქარხანაშია არიან.
  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აზოვსტალის ფოლადის ქარხნის განადგურებას გეგმავს, რაც პირდაპირ ძირს უთხრის ქარხნის აღების დიდ სტრატეგიულ ეკონომიკურ მნიშვნელობას.
  • რუსეთი სამხედრო ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმებისთვის ემზადებიან.
  • უკრაინის ძალებმა ხარკოვთან რუსეთის სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს.
  • ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში წარუმატებელ თავდასხმებს განაგრძობენ და ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. 
  • რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აშშ-სა და NATO-ს ბელარუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიისა და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში "შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი". გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელარუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები