რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოპერაციების წარუმატებლობის გამო, რუსეთი სამხედრო მეთაურებს ათავისუფლებს – ბრიტანეთი

რუსული ტექნიკა უკრაინაში

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა სამხედრო მაღალჩინოსნები გაათავისუფლა, რომლებიც უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე წარმატებული ოპერაციები ვერ განახორციელეს.

ანგარიშის მიხედვით, გათავისუფლებულთა შორის არის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც პირველი ელიტარულ გვარდიის სატანკო არმიას მეთაურობდა და ხარკოვის აღება ვერ მოახერხა. ასევე, თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმა, რომელიც მეთაურობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კრეისერ МОСКВА-ს ჩაძირვის დროს.

"რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ რჩება თანამდებობაზე, მაგრამ უცნობია, ინარჩუნებს თუ არა ის პუტინის ნდობას. 

რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში, სავარაუდოდ, განტევების ვაცის კულტურაა გავრცელებული, შესაბამისად, უკრაინის შეჭრაში ჩართული ბევრი ოფიციალური პირი მეტ ძალისხმევას დახარჯავს, რათა თავიდან აიცილოს პირადი პასუხისმგებლობა ოპერაციის ჩავარდნის გამო.

დიდი ალბათობით, ეს რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს კიდევ უფრო დაძაბავს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ, საკვანძო გადაწყვეტილებები თავიანთ უფროსებს გადააბარონ. ამ პირობებში რუსეთს ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები