ფეხბურთი

აშშ-ში კაცთა და ქალთა საფეხბურთო ნაკრებებს საპრიზო თანხები გაუთანაბრეს

BBC

აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ (US Soccer) კაცთა და ქალთა ნაკრებებს საპრიზო თანხები გაუთანაბრა. იგულისხმება ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატიც.

"დაიდო კოლექტიური შეთანხმება, რომელიც 2028 წლამდე მოქმედებს და იდენტურ ეკონომიკურ პირობებში, თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. შეთანხმების შესაბამისად, US Soccer მსოფლიოში პირველი ფედერაცია გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობისთვის კაცთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებებს საპრიზო თანხები გაუთანაბრა". – წერია აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ქალთა და კაცთა ნაკრებების საპრიზო ფონდების გათანაბრებაზე აშშ-ში წლების განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა. სხვაობის შენარჩუნების მომხრეების მთავარი არგუმენტი ქალთა ფეხბურთის მაყურებელთა მცირე რაოდენობა იყო. თუმცა 2015 და 2019 წლებში ქალთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატებზე გამარჯვებისა და 2018 წელს კაცთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ სტატისტიკა შეიცვალა. 2019 წლის მსოფლიო თასის ქალთა ფინალს 22%-ით მეტმა ამერიკელმა უყურა, ვიდრე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კაცთა ფინალს. 

2019 წელს, ამერიკის ქალ ფეხბურთელთა პროფკავშირმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას გენდერული უთანასწორობისთვის, კაცთა და ქალთა ეროვნულ გუნდებში განსხვავებული ანაზღაურებების გამო უჩივლა.

2022 წლის თებერვალში აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ მომჩივან მხარეს 22 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაუხადა და სამომავლოდ ანაზღაურების დაბალანსებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეპირდა.

კომენტარები