ბიძინა ივანიშვილი

წარმომადგენელი: Credit Suisse პოლიტიკურ ზეწოლას იყენებს ივანიშვილის რეპუტაციის დაზიანებისთვის

ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანია CS Victims-ი ივანიშვილისა და Credit Suisse-ის შორის დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ბანკი პოლიტიკურ ზეწოლის გზით მისი რეპუტაციის დაზიანებას ცდილობს.

განცხადების თანახმად, Credit Suisse რწმუნებული ბანკის მეშვეობით კვლავ უარს ამბობს ივანიშვილის რიგი მითითებების შესრულებაზე. ამასთან ვკითხულობთ, რომ ივანიშვილმა 11 და 14 აპრილს გასცა დამატებითი ინსტრუქციები, თუმცა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გადადო თანხის გადახდა ყოველგვარი არგუმენტისა და ახსნის გარეშე. 

"რწმუნებულმა ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა, ის არღვევს Trust-ის პირობებს და უხეშად არღვევს ბენეფიციარების ძირითად უფლებებს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ივანიშვილისთვის $600 მილიონზე მეტის გადახდა დაავალა.

განცხადებას თან ერთვის ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ ბანკის ქმედებები არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს.

"ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ გერნისში ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, მიუთითებს ბანკის ქცევის განმეორებით მოდელზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. უფრო მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse ცდილობს პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებას, რათა დააზიანოს ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია და ეს ასევე უნდა კვალიფიცირდეს. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვაკვირვებს ეს ქმედებები, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიას და შედეგად წარმოქმნილ სასამართლო დავებს, რომელსაც კლიენტი სხვადასხვა იურსიდიქციაში აწარმოებს". – ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი.


ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ვიქტორ ყიფიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეფასება სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია სასამართლო დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თავად საუბრობდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ივანიშვილის მიმართ დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ზეწოლაზე.

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები