რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 16 მაისის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში წარმატებული თავდასხმების განხორციელება ვერ შეძლეს. ოკუპანტები ხარკოვის ჩრდილოეთით უკან იხევენ, თუმცა ხარკოვის ირგვლივ პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ. 

რუსეთის სამხედრო ბლოგერები ანალიზების გამოქვეყნებას განაგრძობდნენ. ისინი რუსეთის ძალისხმევას სკეპტიკურად უყურებენ. ერთ-ერთი ასეთი ბლოგერი, იგორ სტრელკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეტევა დონბასის ასაღებად საბოლოოდ ჩაიშალა. მისი თქმით, "არცერთი დიდი დასახლება" არ არის გათავისუფლებული. სტრელკოვმა აღნიშნა, რომ რუბიჟნეს აღება შედარებით უმნიშვნელოა, რადგან ეს დონბასში ახალი შეტევის დაწყებამდე მოხდა. მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაფხულისთვის დონბასის გაათავისუფლება შეძლონ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან 264 სამხედრო პირის გამოყვანა შეძლეს. მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციებსა და პრორუს კოლაბორატორებს შორის დაპირისპირება იზრდება. ზაპოროჟიეში ცნობილმა კოლაბორატორმა რუსეთის მიერ დაყენებული გუბერნატორი 10 000 რუბლის მოპარვაში დაადანაშაულა. 

  • უკრაინის ძალებმა ხარკოვთან რუსეთის სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს.
  • ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში წარუმატებელ თავდასხმებს განაგრძობენ და ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. 
  • რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აშშ-სა და NATO-ს ბელარუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიისა და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში "შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი". გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელარუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები