რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენერგოდარში ოკუპანტები სახლებს ამოწმებენ და კაცებს იტაცებენ – უკრაინული მედია

Reuters

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში რუსი ოკუპანტები სახლებს ამოწმებენ და კაცებს იტაცებენ. მედიის ცნობით, ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოფიციალურ Telegram-გვერდზე გავრცელდა. 

"ადგილობრივების ინფორმაციით, ენრგოდარში დღეს რუსი სამხედროები ბინებში შევიდნენ, კაცებს ხელები შეუკრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია 6 გატაცებულის შესახებ. დანაშაულის ჩადენის დროს ოკუპანტები ბინაში მცხოვრებ ადამიანებს იარაღის მუქარით აკავებდნენ". - ვკითხულობთ შეტყობინებაში.  

ასევე, უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტები ქალაქის ირგვლივ თხრილებს აკეთებენ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებს უბრძანეს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიები რეფერენდუმისთვის მოამზადონ. დენისენკოს სიტყვებით, ოკუპანტები ენერგოდარში "ფეხის მოკიდებას" ცდილობენ.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. 

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები