რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

G7: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმეს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომი, რომელშიც ბელარუსიც მონაწილეობს. 

დიდი შვიდეულის ქვეყნები აღნიშნავენ, რომ უკრაინისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების ჰუმანიტარული ტვირთით დახმარებას განაგრძნობენ, რათა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ. ასევე, G7-ის ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, მათ აქვთ ვალდებულება, თავად მიიღონ მონაწილეობა უკრაინის რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, დიდი შვიდეული აცხადებს, რომ წევრი ქვეყნებისგან უკრაინა იქამდე მიიღებს თავდაცვისთვის საჭირო მძიმე ტექნიკასა და იარაღს, სადამდეც ამის საჭიროება იარსებებს.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დიდი შვიდეული რუსეთს ომის შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

"ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა არაპროვოცირებული ომი დაასრულოს. დაასრულოს ის ტანჯვა, ადამიანური მსხვერპლი, რასაც უკრაინაში თავად იწვევს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელარუსს, შეწყვიტოს რუსეთის ინტერესების გატარება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მოვუწოდებთ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელიც ევაკუირებულ მოსახლეობას თავად მისცემს დანიშნულების ადგილის არჩევის შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის კანონიერი ბრძანება და დაემორჩილოს გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებს და შეაჩეროს სამხედრო აგრესია - შეწყვიტოს ცეცხლი და დაუყოვნებლივ გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, იმ საზღვრების დაცვით, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია.

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს. დიდი შვიდეული გააგრძელებს ჩართულობას უკრაინის, მათ შორის ყირიმის და ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ჩვენ ვგმობთ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების უპასუხისმგებლო მუქარას". - წერია დიდი შვიდეულის განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ცნობით, რუსეთის თავდასხმების უკრაინის მთავარ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის პორტებზე, გლობალურ ეკონომიკურ მიწოდების ჯაჭვს კიდევ უფრო ართულებს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიო ეკონომიკა სასურსათო კრიზისის წინაშე დგას. წევრი ქვეყნები კვლავ აგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებსა და G7-ის მიღმა არსებულ ორგანიზაციებთან.

3-დღიანი შეხვედრების ფარგლებში, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში მომხდარ ომის დანაშაულებზეც ისაუბრეს და აცხადებენ, რომ G7 გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სასამართლოს კომისიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რათა აღნიშნულმა ინსიტუტებმა უკრაინაში ჩადენილი სასტიკი ქმედებებისთვის დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

განცხადებაში ასევე ახსენეს მოლდოვა, რომელმაც დიდი რაოდენობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დიდი შვიდეული აღიარებს მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მოლდოვას მხარდაჭერას დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით.

"ჩვენ, მოლდოვას, მოკლევადიანი საჭიროებების და გრძელვადიანი განვითარებისა და რეფორმების პროგრამაში ჩასართავად მხარს დავუჭერთ. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაციის ბოლო მცდელობებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ მოლდოვას სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ისაუბრეს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტის აუცილებლობაზეც და აღნიშნავენ, რომ ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ეტაპობრივად შემცირდეს მათზე მოთხოვნა, რაც რუსეთში კაპიტალის შედინებას შეუშლის ხელს. 

მათ ასევე დაგმეს რუსეთსა და ბელარუსში საკუთარი მოსახლეობის მიმართ გატარებული მძიმე რეპრესიული ქმედებები და დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის მთავრობის მხრიდან შეზღუდვის მცდელობები. დიდმა შვიდეულმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ G7 რუსეთთან, ან რუს ხალხთან ომში არ არის. 

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება იმ ლიდერებმა მიიღეს, რომლებიც დემოკრატიულ დღისწესრიგს უარყოფენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვისაც რეპრესიები შეეხო. ვადასტურებთ, რუსებისა და ბელორუსების უფლებას მოიძიონ, მიიღონ და გაავრცელონ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიისგან და ვგმობთ რუსეთის მთავრობისა და ბელორუსის რეჟიმის მიერ ცენზურას და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომის შეფერხების სხვა მეთოდებს, მათ შორის ინტერნეტსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვის მცდელობებს." - ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.

კომენტარები