რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი მარცვლეულზე: რუსეთი ქმნის სასტიკი შიმშილის საფრთხეს – ეს ინსტრუმენტია ჰიბრიდულ ომში

Morris MacMatzen/Getty Images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ომი მარცვლეულის ომად გარდაქმნას.

"რუსეთის ქმედებები იწვევს მიწოდების შეფერხებას, ფასების განუზომლად ზრდას, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ასევე ქმნის სასტიკი შიმშილის საფრთხეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, ეს არ არის თანმდევი ზიანი. ეს შეგნებულად არჩეული ინსტრუმენტია ახლა მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი კრიზისებისთვის, რათა მიზანმიმართულად შეასუსტოს საერთაშორისო თანმიმდევრულობა რუსეთის ომის წინააღმდეგ". – თქვა ბერბოკმა G7-ის შეხვედრაზე.

რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ექსპორტირებული ხორბლის თითქმის 30%-ს აწარმოებენ. რუსული სამხედრო ძალები უკრაინელი ფერმერებისგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და ათასობით ტონა მარცვლეულს იპარავენ, ასევე მიზანში იღებენ საკვების საწყობებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინიდან, დაახლოებით, 400 000 ტონა მარცვლეული მოიპარა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები