რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვს

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში მოსკოვს ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შეყვანის თხოვნით მიმართავს.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, გაყალბებული რეფერენდუმების ჩატარება იყო, რათა უკრაინის რეგიონების უმრავლესობა პრორუსული ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცეს. თუმცა რუსეთის მხრიდან მხოლოდ პრორუსული ადგილობრივი ხელმძღვანელობის დანიშვნა მისი ოპერაციის წარუმატებლობაზე მიუთითებს.

თუ რუსეთი ხერსონში რეფერენდუმს ჩაატარებს, ის შედეგებით მანიპულირებას შეძლებს. ამასთან ერთად, ხერსონის ოლქის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები