რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომის გაგრძელება სურს

Telegraph

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს Telegram-ზე გამოეხმაურა და შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომში დაადანაშაულა.

"სავსებით აშკარაა, რომ ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის „დახმარება“ უკრაინის სიყვარულითა და საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერით ვერ აიხსნება. აშშ-ს მიზანი რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომის უკრაინაში გაგრძელებაა.

დამტკიცებული კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის დამარცხებისა და მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შეზღუდვის მცდელობაა.

ეს არ იმუშავებს. სტამბა, რომლითაც ამერიკა თავის ისედაც გაბერილ სახელმწიფო ვალს მუდმივად ზრდის, კიდევ უფრო სწრაფად ჩამოიშლება. აღარაფერს ვამბობ ბენზინსა და სასურსათო პროდუქტზე გაზრდილ ფასებზე - ამისთვის ამერიკელებმა მადლობა თავიანთ რუსოფობიურ ხელისუფლებას უნდა გადაუხადონ". - წერს დმიტრი მედვედევი Telegram-ზე.


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა.

9 მაისს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები