რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: ლიტვის ნაბიჯი პროვოკაციისა და პოლიტიკური ფარისევლობის ნიშანია

მარია ზახაროვა
RIA

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ლიტვის მიერ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას "პროვოკაციულსა და ექსტრემისტულს" უწოდებს

"ლიტვის ნაბიჯი უნდა განვიხილოთ, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ნიშანი.

ქვეყნები, რომლებიც მსგავს დოკუმენტებსა და დეკლარაციებს იღებენ, ამით ექსტრემისტულ ნაბიჯებს დგამენ - ამ ნაბიჯს, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. ყველა ეს ქვეყანა [ვინც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა]  NATO-ს წევრია. ბოლო ათწლეულებში, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ NATO-ს უკანონო და აგრესიული ქმედებები, რომლებმაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია". - თქვა ზახაროვამ

ლიტვის პარლამენტმა (სეიმმა) რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა, რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კი გენოციდად შეაფასა. შესაბამის რეზოლუციას მხარი 128 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

დოკუმენტში წერია, რომ რუსმა სამხედროებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა უკრაინის ტერიტორიაზე არაერთი ომის დანაშაული ჩაიდინეს, კერძოდ კი ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, ბოროდიანკასა და ჰოსტომელში. რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელი ერის სრული ან ნაწილობრივ განადგურებაა. სწორედ ამ მიზნით კლავენ რუსი სამხედროები ოჯახებს, ბავშვების ჩათვლით. აგრეთვე, აუპატიურებენ, ამცირებენ და იტაცებენ ადამიანებს.

რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და საერთაშორისო საზოგადოებამ შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს და შეაფასებს რუსეთის ომის დანაშაულებს.

კომენტარები