რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგობა სათანადოდ ვერ შეაფასა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგობა სათანადოდ ვერ შეაფასა, რამაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხელი შეუშალა, გუშინ, 9 მაისს რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმზე, უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების შესახებ გამოეცხადებინა. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის შეჭრის გეგმა, "დიდი ალბათობით", მცდარ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომ უკრაინა მათ შეზღუდულ წინააღმდეგობას გაუწევდა და რუსეთის ძალები დასახლებულ ცენტრებს სწრაფად მოაქცევდნენ ალყაში. 

სამინისტროს ცნობითვე, ამ ვარაუდმა აიძულა რუსული ძალები, დაეწყოთ შეტევა "მსუბუქი, ზუსტი მიდგომით, რომლის მიზანი მინიმალური ხარჯებით სწრაფი გამარჯვების მიღწევა იყო. 

განცხადების მიხედვით, რუსეთის არასწორმა გამოთვლებმა მათი დანაკარგები და შემდეგ ოპერატიული ფოკუსის შემცირება გამოიწვია. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები