რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: თქვენ დონბასში ჩვენი მოსახლეობისთვისა და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის იბრძვით

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს, გამარჯვების დღის აღლუმის დროს, აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები დონბასში მოსახლეობისა და სამშობლოს დასაცავად იბრძვიან.

"როგორც ადრე, ახლაც მსგავსი მდგომარეობაა. თქვენ [რუსეთის სამხედრო ძალები] დონბასში ჩვენი მოსახლეობისთვისა და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის იბრძვით. გამარჯვების დღე თითოეულ ჩვენგანს გულთან ახლოს მიაქვს. რუსეთში არ არსებობს ოჯახი, რომელიც დიდმა სამამულო ომმა არ დააზარალა. ჩვენ გამარჯვებულების თაობით ვამაყობთ". - აღნიშნა რუსეთის მმართველმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა დასავლეთს გულწრფელი დიალოგისკენ მოუწოდა, მაგრამ ამაოდ.

"რუსეთი თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის შექმნას ყოველთვის მხარს უჭერდა. სისტემა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გასულ დეკემბერს ჩვენ დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ, თუმცა ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ". - თქვა პუტინმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები