რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: უკრაინა ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

ამის შესახებ ზალუჟნიმ აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილის მოახსენა. 

"ტრადიციულად, ჩემს ამერიკელ კოლეგას ვაცნობე ამჟამინდელი ვითარების შესახებ. კერძოდ, ლუგანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევის გადატანაზე, სადაც პოპასნოის, კრემინასა და ტორსკის რაიონებში დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობს, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლაზე, ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით". – თქვა ზალუჟნიმ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები