რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში ოთხი მაისისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

REUTERS

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპანტების წინსვლა შეაჩერეს. ამასთან ერთად, რუსეთის ქვედანაყოფებმა მრავალი წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.

სამხედრო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები, 4 მაისს აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში შეიჭრნენ. კრემლი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ აზოვსტალის აღება 9 მაისისთვის მარიუპოლის დაკავებას განაპირობებს. 

ოკუპანტებმა დასავლეთ უკრაინაში საჰაერო თავდასხმები გააძლიერეს, თუმცა დასავლეთიდან იარაღის მიწოდება ვერ შეზღუდეს. ლვოვისა და ტრანსკარპათიის რკინიგზის სადგურებზე სხვადასხვა ტიპის შეტევა განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 200-დან 300-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფერხების გამო ხორციელდება.

უკრაინის ქვედანაყოფების კონტრშეტევების გამო, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგდნენ. უკრაინის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა 2 მაისს Staryi Saltiv-ზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის კონტრშეტევებმა, შესაძლოა, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციები შეავიწროვოს. ამ მოცემულობამ, შესაძლოა, რუსებს დილემა შეუქმნას - გააძლიერონ პოზიციები ხარკოვის მახლობლად თუ ქალაქის საარტილერიო ზოლში დაკარგონ თავიანთი პოზიციები.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის სამხრეთით რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.
  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ.
  • უკრაინის ქვედანაყოფების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მოშორებით განლაგდნენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ოდესის მახლობლად და დნესტრისპირეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე სადაზვერვო ოპერაციები გააძლიერეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები