რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი დონორთა კონფერენციაზე: ეს უნდა იყოს ათვლის წერტილი უკრაინის მარშალის გეგმისთვის

dw.com

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლონეთში დონორთა კონფერენციის წინ უკრაინულ ინტერფაქსთან აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია უკრაინისთვის ევროპული მარშალის გეგმის საფუძველი უნდა გახდეს.

"ჩემი აზრით, ეს კონფერენციაუნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს უკრაინას". – თქვა მიშელმა.

"უკრაინის წინააღმდეგ ომი ადამიანური ტრაგედიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს შორსმჭვრეტელმა ლიდერებმა უნდა ავდგეთ და მივცეთ სიგნალი, რომ ვიქნებით გაბედულები, ვიქნებით უკიდურესად მტკიცე, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას არა მხოლოდ სიტყვებით და გამოსვლებით, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, გვჭირდება ფული, გვჭირდება ძლიერი კოორდინაცია და გვჭირდება პოლიტიკური ნება". – თქვა მიშელმა

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები