რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

უკრაინა ბულგარეთს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარებას სთხოვს

უკრაინული მოდიფიკაციის Т-64БВ ტიპის ტანკი

ბულგარეთის სახელმწიფო ტელევიზიის, BNT-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთს ომში დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის ელჩმა ბულგარეთში, ვიტალო მოსკალენკომ ბულგარეთის პარლამენტს ზელენსკის წერილი გადასცა, რომელშიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ ბულგარეთი სამხედრო მანქანების შეკეთებასა და უკრაინელ ლტოლვილთა დახმარებას შეძლებს. 

ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ბულგარეთი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გააგრძელებს - მედიკამენტების, ტანსაცმლისა და საკვების ჩათვლით. ასევე, კიევს იმედი აქვს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა და გაზის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში გაგრძელდება.

ზელენსკის თქმით, კიევი ასევე მოელის, რომ ბულგარეთი უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეც განაგრძობს. 

BNT-ის ინფორმაციით, ბულგარეთის პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს, 4 მაისს მიიღებს. 

უკრაინამ საბრძოლო მანქანების მომსახურებისა და შეკეთების თხოვნით პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს მიმართა. მანქანები სამივე უკრაინის მეზობელ ქვეყანაში შეკეთდება. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები