რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში სამი მაისისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედრო, მარიუპოლი. 12 მარტი, 2022
AP Photo/Mstyslav Chernov

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მაღალჩინოსნების ცნობით, რუსეთი სამხედრო მობილიზაციას 9 მაისს გამოაცხადებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსეთი გაჭიანურებული დაპირისპირების, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომის, ლეგიტიმაციას ცდილობს.

უკრაინის ქვედანაყოფების კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგდნენ. უკრაინის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა 2 მაისს Staryi Saltiv-ზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის კონტრშეტევებმა, შესაძლოა, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციები შეავიწროვოს. ამ მოცემულობამ, შესაძლოა, რუსებს დილემა შეუქმნას - გააძლიერონ პოზიციები ხარკოვის მახლობლად თუ ქალაქის საარტილერიო ზოლში დაკარგონ თავიანთი პოზიციები.

რუსეთმა, შესაძლოა, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მარიუპოლისა და მიმდებარე ტერიტორიების გაერთიანება მოისურვოს. ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. "ფილტრაცია" მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებასა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედროებში გაცვალონ. 

რუსეთმა, შესაძლოა, მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ მათ რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეეძლებათ. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს NATO-ზე. რუსეთი, შესაძლოა, დნესტრისპირეთის უკრაინის ომში ჩართვას აპირებს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმებისა და დაბომბვის მიზნით. 

  • ევაკუაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა საჰაერო, საარტილერიო და სახმელეთო შეტევები განაახლეს.
  • ოკუპანტები დონეცკ-ლუგანსკის მიმართულებით გადაჯგუფებას განაგრძობენ.
  • უკრაინის ქვედანაყოფების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მოშორებით განლაგდნენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ოდესის მახლობლად და დნესტრისპირეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე სადაზვერვო ოპერაციები გააძლიერეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები