გარევაჭრობა

კალაძე: ახლა ვარკეთილის ტერიტორიას ვაწესრიგებთ, გარევაჭრობა მიუღებელია

თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარევაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. ტერიტორია კი მოწესრიგდება, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ანალოგიური მიდგომა გვაქვს ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან. შესაბამისი პროცედურები დაიწყო მეტროსადგურების - ახმეტელის თეატრისა და სამგორის მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გამგეობებს, ბაზრობების დირექციებს, მუნიციპალურ ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაჟორიტარ დეპუტატებს პროცესებში ჩართულობისთვის.

ასევე, გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გვინდა, რომ მათი გადატანა მოხდეს ისეთ ადგილებზე, სადაც პრობლემას არ შექმნის, არც ვიზუალური, არც სატრანსპორტო თვალსაზრისით და არც ფეხით მოსიარულეებისთვის. მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც დღეს იქ ხდება, მიუღებელია.

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე. ცნობისთვის, მერიამ სამგორის და ახმეტელის თეატრის მეტროებთან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

კომენტარები