გარევაჭრობა

კალაძე: თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

კახა კალაძის თქმით, თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ბაზრობებთან დაკავშირებით მე ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები