რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს, სულ 1 235 – პოლიციის უფროსი

კიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა ისაუბრა.

"მხოლოდ გუშინ კიდევ 20 ცხედარი იპოვეს, ძირითადად ბოროდიანკაში. ასევე სოფლებში, რომლებიც ასევე ახლოსაა ვიშგოროდთან". – თქვა ნებიტოვმა.

მისივე თქმით, კიევის ოლქის პოლიციამ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში უკვე აღმოაჩინა 1 235 ცხედარი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანა.

"უმეტესად არიან ადამიანები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპნენ. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის ჯარის ფართომასშტაბიანი დანაშაულების შესახებ კიევის ოლქში". – თქვა ნებიტოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები