რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის არმია როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად დასუსტებულია

RIA

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2005-2018 წლებში თითქმის გაორმაგდა, რაც მაღალი დონის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შესაძლებლობებში ინვესტიციებს უკავშირდება. ამასთან ერთად, ხსენებულმა პროცესებმა 2008 წლიდან მოდერნიზაციის ექსპანსიური პროგრამა “New Look” განაპირობა.

"სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში დომინირებას ვერ ახერხებს. სტრატეგიულ დაგეგმვასა და ოპერაციების შესრულებაში წარუმატებლობის ფონზე, რუსეთისთვის რაოდენობრივი სიძლიერე გადამწყვეტი უპირატესობა ვერ იქნება.

უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთის არმია როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად დასუსტებულია. ძალების აღდგენა სანქციების ფონზე ძალიან რთული იქნება. მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთს სამხედრო ძალის განლაგება ძალიან გაუჭირდება". - წერია განცხადებაში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები