პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე

ღარიბაშვილი მედიას: კვლავაც თანადგომას გპირდებით, გილოცავთ პრესის თავისუფლების დღეს

ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ  ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.

ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყანას შორის საქართველო 59.3 ქულით 89-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 71.36 ქულით მე-60 ადგილს იკავებდა. 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა სომხეთშია [51-ე ადგილი], ყველაზე ცუდი კი - რუსეთში [155-ე ადგილი].

კომენტარები