რეპორტიერები საზღვრებს გარეშე

RSF: საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა, ქვეყანა 89-ე ადგილზეა

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა.

180 ქვეყანას შორის საქართველო 59.3 ქულით 89-ე ადგილზეა. გასულ წელს კი, საქართველო 71.36 ქულით მე-60 ადგილს იკავებდა.

2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა სომხეთშია [51-ე ადგილი], ყველაზე ცუდი კი - რუსეთში [155-ე ადგილი].

ამავდროულად, მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, რომელსაც დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი მოჰყვებიან. ბოლო ადგილი კი, ჩრდილოეთ კორეას ერგო.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო რაოდენობა იყო. მათი თქმით, ხშირი იყო როგორც სიტყვიერი თავდასხმები, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. თავდამსხმელებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს.

"2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს სამართალდამცავების თვალწინ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამჭვირვალობის და გამოძიებაში პროგრესის არარსებობა იმ დაუსჯელობის შესახებ მეტყველებს, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ". - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანია, თუმცა, ამავდროულად, მეტად პოლარიზებული. ამასთან, მედიის მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, დიდი მედიების მფლობელებს ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ.


RSF-ის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა. მან თქვა, რომ  პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში "უდავო ლიდერია".

"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას". - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები