რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინამ ჩინეთის შესთავაზა, რომ უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ყოფილიყო

Ozan Güzelce / Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას ჩინეთს შესთავაზა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი ყოფილიყო. კულებამ ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ბუდაპეშტის მემორანდუმს უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოება არ მოუტანია და ამიტომ ქვეყანა ალტერნატივას ეძებს. 

"ამჟამად უკრაინა სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩინეთის მიმართ ჩვენი შეთავაზება, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, ჩვენი პატივისცემის ნიშანია - ნდობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ". – თქვა კულებამ.

მინისტრის თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ ჩინეთი რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

29 მარტს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთს უსაფრთხოების ახალი სისტემა შესთავაზა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებად, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს მოიაზრებდა. თავდაპირველად უკრაინამ შესაძლო გარანტორებად დაასახელა ისრაელი, კანადა, პოლონეთი და თურქეთი, თუმცა ასევე განიხილავდნენ რუსეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და იტალიას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები