რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასობით ათასი ტონა მარცვლეული მოიპარა – უკრაინა

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეული მოიპარეს. ვისოცკიმ უკრაინულ ტელევიზიაში საუბრისას თქვა, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული 1.5 მილიონი ტონა მარცვლეულის უმეტესი ნაწილი მოიპარონ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის თქმით, მარცვლეულის ქურდობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახშირდა

"ეს პირადად გავიგე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის შემნახველი ნაგებობების მფლობელებისგან. ეს აშკარაა ძარცვაა და ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს". – თქვა სოლსკიმ.

მისივე თქმით, ამგვარი ვითარება ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სასურსათო პრობლემებს შექმნის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრის მიუხედავად, უკრაინის ექვსმა რეგიონმა დაასრულა საგაზაფხულოდ მარცვლეულის თესვა. უკრაინა 24 რეგიონადაა დაყოფილი, თუმცა მძიმე ბროლების გამო ქვეყნის აღმოსავლეთით, ლუგანსკში მარცვლეულის დათესვა არ იგეგმება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები