რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუჩაში ნაწამები და მოკლული 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, 29 აპრილს ბუჩაში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აწამეს. საფლავი სოფელ მიროცკესთან მდებარე ტყეში აღმოაჩინეს. მოკლულ უკრაინელებს ხელები ჰქონდათ შეკრული და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წამების კვალი ეტყობოდათ. პოლიციის ცნობით, ოკუპანტებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლული კაცები ორმოში ჩაყარეს და მიწა დააყარეს.

"მსხვერპლებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, მათ კიდურებზე ტყვიებით მიყენებული ჭრილობები აღმოვაჩინეთ. ბოლოს თითოეულ მათგანს ყურში ტყვია ესროლეს. ეს ოკუპანტების მიერ გაკეთებული კიდევ ერთი მასობრივი სასაფლაოა ბუჩაში, მრავალტანჯულ დასახლებაში, სადაც 1 000-ზე მეტი მოქალაქე აწამეს და მოკლეს". – თქვა კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები