რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: რუსეთს G20-ის სამიტზე მონაწილეობის საშუალება არ უნდა მიეცეს

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის თქმით, ვაშინგტონმა ინდონეზიას პირადად განუცხადა, რომ რუსეთს დიდი ოცეულის სამიტზე მონაწილეობის საშუალება არ უნდა მიეცეს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში ესმით, რომ ინდონეზიამ ვლადიმირ პუტინი ღონისძიებაზე უკრაინაში შეჭრამდე მიიწვია.

ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამიტამდე ჯერ კიდევ 6 თვეა, შესაბამისად, ინფორმაცია იმაზე, დაესწრება თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი G20-ის შეხვედრას, მოგვიანებით დაზუსტდება. თუმცა, ფსაკის თქმით, მისი შეხედულებები აშკარაა იმაზე, რომ რუსეთი იქ არ უნდა იყოს. 

"პრეზიდენტმა საჯაროდ გამოხატა, რომ პრეზიდენტ პუტინის G20-ის სამიტზე დასწრების წინააღმდეგია". - ამბობს ფსაკი. 

ინდონეზიის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა მის მოწვევას დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება. 

"ინდონეზიას G20-ის გაერთიანება სურს. არ დავუშვათ გაყოფა. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის გაუმჯობესებისა და განვითარების გასაღები". – თქვა ვიდოდომ. 

ვიდოდომ გასულ დღეებში G20-ის სამიტზე მოწვევა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც გაუგზავნა. ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა, თუმცა არ უთქვამს, დაესწრება თუ არა შეხვედრას.

კომენტარები