რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვა: დონბასისთვის ბრძოლაში რუსეთი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში წერს, რომ დონბასისთვის ბრძოლა რუსეთის მთავარ სტრატეგიულ ფოკუსად რჩება, რათა ამ გზით მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის დამყარება შეძლოს. 

ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეზღუდულია. და ამ უკანასკნელსაც, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი მნიშვნელოვანი დანაკარგის ხარჯზე აღწევს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები