რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან დღემდე კიევის ოლქში 1 150 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

asuyoshi Chiba/AFP/Getty Images

ომის დაწყებიდან დღემდე კიევის ოლქში 1 150 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი - ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრი ნებიტონი ავრცელებს

"კიევის ოლქში გაწმენდითი ოპერაციისა და დეტექტიური ჯგუფების მუშაობის შედეგად ვიპოვეთ და გამოვიკვლიეთ 1 150 მოკლული მოქალაქის ცხედარი. ცხედრები ექსპერტიზას გადავეცით". - ამბობს ის. 

ნებიტონმა აღნიშნა, რომ "ისინი იყვნენ სამოქალაქო პირები და არა სამხედროები. მათ არ ჰქონიათ არანაირი კავშირი ტერიტორიულ თავდაცვასთან ან სხვა სამხედრო ერთეულებთან".

დაღუპულთა უმეტესობა ბუჩიდან არის. ნებიტონის ცნობით, 50-70% ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაღუპული.    

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები