Z სიმბოლო

რუსეთში ავტობუსის მძღოლმა მგზავრი, რომელიც Z ასოს ჩამოხსნას ითხოვდა, პოლიციას ჩააბარა

რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში, ავტობუსის მძღოლმა, პენსიონერი ნატალია ფილონოვა ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ მიიყვანა, რაც მგზავრმა მძღოლს ტრანსპორტის სალონში გამოკრული Z ასოს მოხსნა მოითხოვა.

ფილონოვას განყოფილებაში გადაყვანის წინ მძღოლმა სხვა მგზავრები გაჩერებაზე ჩამოსვა და ავტობუსი პოლიციის შენობისკენ მიმართა. ადგილზე მძღოლმა ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც სამართალდამცავებმა პენსიონერს ხულიგნობა დააბრალეს. ფილონოვა განყოფილებაში ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანამ ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ვფიქრობ ხულიგნობა მხოლოდ დროებითი მუხლია. დარწმუნებული ვარ მას ჯარის დისკრედიტაციის მუხლით გაასამართლებენ. ოქმში წერია, თითქოს ფილონოვა ომს უჭერდა მხარს, მძღოლსა და მგზავრებს კი შეურაცხყოფა მიაყენა". – ამბობს პენსიონერის ადვოკატი ნადეჟდა ნიზოვკინა. 

2021 წლის თებერვალში ფილონოვა არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო 250 000 რუბლით დააჯარიმეს. იმავე წლის აპრილში პენსიონერი კიდევ ერთ აქციაში მონაწილეობისთვის 150 000 რუბლით დააჯარიმეს. ფილონოვას ერთადერთი შემოსავალი - პენსია, 400 რუბლს შეადგენს, გარდა ამისა პენსიონერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უვლის.

კომენტარები